მიმდინარე წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 32-მა მოქალაქემ 60 000-60 000 ლარი შესწირა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. ფიზიკური პირისთვის წელიწადში განსაზღვრული თანხის მაქსიმუმი – 60 000 ლარი – „ქართულ ოცნებას“ ერთ თვეში შესწირეს მოქალაქეებმა: ირაკლი თათეიშვილმა, თეიმურაზ კერვალიშვილმა, ნათია გელოვანმა, გიორგი მანაგაძემ, გიორგი ჭელიძემ, სიმონ გეგელაშვილმა, ნიკოლოზ კარიჭაშვილმა, ირაკლი პეტრიაშვილმა, ვახტანგ ფარეისშვილმა, დავით ბალანჩივაძემ, დავით ალიბეგაშვილმა, გოჩა ჩოკოშვილმა, ჯიბო მელაშვილმა, ნიკოლოზ ალავიძემ, ზურაბ მალაზონიამ, გრიგოლ მორჩილაძემ, ალექსეი ბუბუტეიშვილმა, მერაბ კაპანაძემ, ამირან ადეიშვილმა, ვაჰან მღებრიანმა, დავით დუგლაძემ, გიორგი ქარჩავამ, თამაზ კაპანაძემ, ვაჟა მანაშეროვმა, ლევან კაჭარავამ, ნატალია შარაშიძემ, ლაურა ლარიონმა, აბესალომ თავბერიძემ, გოჩა გოგილაშვილმა, რატი ძერიამ, კონსტანტინე დავითიძემ და ივლიანე წულაიამ.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, 120 000 შესწირა „ქართულ ოცნებას“ „ჯი ემ პი“-მ, 110 00 ლარი – „პ დ ლ“-მა, 100 000 ლარი – „ზღვის პროდუქტებმა“, ასევე, 100 000 ლარი – „ეიჩე-რენტალმა“, 40 000 ლარი – საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციამ.
მინიმალური თანხა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეებისგან შემოწირულების სახით აქვს მიღებული, 2 000 ლარია. სულ მიმდინარე წლის აგვისტოში მმართველმა პარტიამ შემოწირულების სახით 4 555 993 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 60 000 ლარი ერთი მოქალაქისგან შემოწირულების სახით სხვა არც ერთ პარტიას არ მიუღია. თითოეული შემოწირულებისგან მიღებული თანხის მაქსიმუმი „ევროპული საქართველოსთვის“ 42 000 ლარია, რომელიც პარტიას აკაკი კილასონიამ შესწირა; „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – 5 177 ლარი გიორგი სხულუხიასგან, „გირჩისთვის“ – 7 000 ლარი, რომელიც მას პარტიის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა შესწირა.
რაც შეეხება ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებებს, ის 2 ლარიდან იწყება. ცალკეულ მოქალაქეებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის შეწირული აქვთ 5 ლარი, 7 ლარი, 10 ლარი, 20 ლარი და სხვა, მაქსიმალური თანხა კი, რომელიც ფონდმა შემოწირულობის სახით მიიღო, 3 000 ლარს შეადგენს.
პარტიებს შორის ყველაზე მცირე შემოწირულება – 20 ლარი – მიღებული აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც არჩილ იაკობაშვილის საწევროს წარმოადგენს.
სულ პარტიების შემოწირულობებმა გასულ თვეში 4 869 215 ლარი შეადგინა.
წყარო: ინტერპრესნიუსი