ქუთაისში 29 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

315

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში ქალაქ ქუთაისში 29 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. აღსანიშნავია, რომ სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ, აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს.

„ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

29 ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 10 კმ-ზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.