შიდა მარშრუტებზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მგზავრთა გადაყვანისთვის შესაძლოა, სპეციალური ნებართვები დასჭირდეთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამისი წერილის საპასუხოდ განუცხადეს.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიღების შემთხვევაში სანებართვო რეჟიმში მოექცევა ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანები, შესაბამისი გრძელვადიანი სანებართვო პირობებით.
„სანებართვო პირობებში გათვალისწინებული იქნება ევრორეგულაციებით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები და პირობები, რომლებიც ადგენს მგზავრის უსაფრთხო და შესაბამისი განრიგის დაცვით გადაყვანის ვალდებულებას. საერთო სტანდარტში მოექცევა ასევე სამგზავრო ავტოსადგურების მოწყობისა და მათი ფუნქციონირების სავალდებულო მოთხოვნები“, – აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.
ამჟამად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“.
ქვეყნის შიგნით მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსების სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლაზე პასუხისმგებელია გადამზიდველი, ტესტირება გავლილი ავტობუსების ავტოსადგურში დაშვებაზე – სამგზავრო ავტოსადგური, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების ადმინისტრირებაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები. ამასთან, გზებზე სიჩქარის გადაჭარბებაზე კონტროლს ახორციელებს და დამრღვევ პირებს შესაბამის სანქციებს აკისრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საქართველოს კანონმდებლობით სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის წლოვანება არ არის შეზღუდული. მათი გამართულობა დასტურდება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირებისას.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის დადეგენილების თანახმად, განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობა. კერძოდ, M2 და M3 კატეგორიის (8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის, მძღოლის ადგილის გარდა მქონე) ავტობუსებისთვის სავალდებულო ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან წელიწადში – ორჯერ.
„ტესტირების დადებითი შედეგის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა სპეციალური ფირნიში, სადაც დატანილია ტესტირების თარიღი და მისი მოქმედების ვადა. იგი მიკრული უნდა იქნეს წინა საქარე მინაზე მისი მოქმედების ვადის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაზედაც კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო“, – განაცხადეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.
წყარო: ინტერპრესნიუსი