თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად უკვე დაარეგისტრირა, შესაბამისი აქტი ცესკომ გუშინ გამოსცა. ამის შესახებ დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მხარდამჭერების მიერ შეგროვებული ხელმოწერები მას აძლევს სტიმულს, რომ ოქტომბრის ბოლოს თბილისის მერობის არჩევნებზე ის გამარჯვებას მოიპოვეს.
”გუშინ საღამოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აქტი გამოსცა და მე დამარეგისტრირა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად. როგორც ცნობილია, შემჭიდროებულ ვადებში მომთხოვეს 10 000 ხელმოწერის მიტანა და ჩვენ ორჯერ უფრო მეტი ხელმოწერა – 20000 ხელმოწერა მივიტანეთ.შედეგად. ხელისუფლება იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ხალხის არნახული ენთუზიაზმისთვის და მოსახლეობის საოცარმა თავდადებამ, ხალხის მხარდაჭერამ თავისი გაიტანა. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ერთის მხრივ ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა, რომ მე ბიუროკრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი საარჩევნო პროცესის მიღმა. მეორეს მხრივ უკვე მივაღწიეთ ერთ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი ენთუზიაზმი მარწმუნებს იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ ხალხთან ერთად”,- განაცხადა ელისაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი