ხარაგაულის მერიის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

495

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, თემურ თაბუკაშვილი რამდენიმე დღის წინ პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. ის ამ სამსახურის უფროსად 2017 წლის 3 იანვარს დაინიშნა.

2019 წლის ივნისში ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა.

თანამდებობის დატოვება ხომ არ უკავშირდება ხარაგაულის მერის გადადგომას, ამის გარკვევას თავად თემურ თაბუკაშვილთან შევეცადეთ, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დახურული კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

ამჟამად ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი პეტრე შარიქაძე ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს თანამდებობა მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა დატოვა.