თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლის სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია გაგრძელდება, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნებას დაეთმობა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პირველი პრობლემა, რაც დედაქალაქს აწუხებს, ეს არის ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის, მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის არ არსებობა, თუმცა თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, რაზეც მისივე თქმით, ექსპერტთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მუშაობა მიმდინარეობს, ქალაქის ქაოტური განვითარებისა და განაშენიანების პრობლემა საბოლოოდ მოწესრიგდება.
„უსახური შენობები, რომელიც ჩვენს ქალაქში მომრავლდა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის. გარდა ამისა, შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი, ეს იქნება ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია და ეს გულისხმობს წარწერების, ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად, იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის სათანადო დაცვას“, – განაცხადა კალაძემ.
პროგრამული ხედვის წარდგენისას მერობის კანდიდატმა ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემას დაუთმო და აღნიშნა, რომ ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაციისა და გამაგრება-ჩანაცვლების ერთიანი გეგმა შემუშავდება.
„ჩვენ ვიმუშავებთ რაიონების, უბნების თანაბარ განვითარებაზე. უზრუნველყოფილი იქნება თბილისის თითოეული უბნის თანაბარი განვითარება. ყველა უბანში გამოიკვეთება ცენტრები სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებაზე იზრუნებს მერია კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.