ISFED: წინასაარჩევნო კამპანიისას კვლავ ხდება ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების გამოყენება, რომელიც მიმართულია როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ

431

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კვლავ ხდება ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების გამოყენება, რომელიც მიმართულია როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ამის შესახებ საუბარია სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) წარმოადგინა.

კვლევა მოიცავს პირველი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, რა დროსაც 700 გვერდისა და 14 ათასი პოსტის გაანალიზება მოხდა.

„ამ მონაცემებზე დაყრდნობით არის ანგარიში წარმოდგენილი და ტენდენციები, რაც გამოვკვეთეთ არის ის, რომ კვლავ ხდება ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების გამოყენება, როგორც ერთ-ერთი საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს ხდება როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომელთა შემთხვევაშიც გამოკვეთილი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განხორციელებული ასეთი თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გავრცელებული პოსტები შედარებით მცირე რაოდენობისაა, მაინც ინტერაქცია ამ პოსტებზე არის მაღალი რაოდენობის, დაახლოებით, 500 ათასზე მეტი, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ასეთი პოსტების დასპონსორება ხდება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 7 აგვისტოდან რეკლამის ბიბლიოთეკა სოციალურ ქსელებში არის ღია, მაინც ეს ანონიმური გვერდები ახერხებენ იმას, რომ გვერდი აუარონ ასეთი რეკლამის შესახებ ინფორმაციის განთავსებას, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით ფაქტორს წარმოადგენს,“- განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ასევე, გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიც არის ცრუ მედია საშუალებები, რომლებიც ცდილობენ ავთენტურ მედია საშუალებებად პოზიციონირებას.

„ასეთი გვერდი იყო 10 და ძირითადად მიმართული იყო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. გამოვლინდა ასევე, ტენდენციად, რომ ვრცელდება სექსისტური და ჰომოფობიური მესიჯები, ძირითადად ეს მიმართულია ქალი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და მთავარი აქცენტი, ამ შემთხვევაში, კეთდება გენდერზე. ასევე, იყო ცნობადი ჟურნალისტების წინააღნდეგ ჰომოფობიური მესიჯების გავრცელების ტენდენცია,“- განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.