კახა კალაძე: აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები

628

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

ამის შესახებ მან ქალაქის სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო.

„ჩვენ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. მახსოვს წლები, როდესაც უფულობის, უსახსრობის გამო, ადამიანები სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ, თუმცა დღეს, ძალიან განსხვავებული რეალობა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია“, – განაცხადა კახა კალაძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ასევე, მოხდება სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის გაძლიერება და მისი ავტოპარკის განახლება.

„მერია იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფაზე ღირსეული საცხოვრებლით; ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმ პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ობიექტების ადაპტირება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.