ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ზვიად სიჭინავამ შესაბამისი დოკუმენტაცია და ხელმოწერები ორი დღის წინ წარადგინა. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტაცია წესრიგშია და სავარაუდოდ, დღეს გამოცემული იქნება განკარგულება რეგისტრაციის შესახებ.
თავად ზვიად სიჭინავა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ზუგდიდელებს მიმართავს.
„გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არ მოსულა ერთ დღეში. თქვენი მხრიდან გამოჩენილმა მხარდაჭერამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. მინდა, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ზუგდიდელებისთვის, იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდის მერს აირჩევს. არაერთხელ მითქვამს, რომ მერის თანამდებობა არ არის პოლიტიკური. ნებისმიერი სახელისუფლო პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს. თუკი იქნება ამომრჩევლისაგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე. სწორედ ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ კენჭი ვიყარო ზუგდიდის მერის პოსტზე, დამოუკიდებელ კანდიდატად. ვერ დაგპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ, თუმცა ნებისმიერი პირობა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნება დადებული, ის აუცილებლად იქნება შესრულებული. მე მოვალ ყველა თქვენგანთან, მოვისმენ, რა გჭირდებათ უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ზუგდიდის მეტად განვითარებისთვის. ვფიქრობ, ერთად ვაქციოთ ოცნებები რეალობად, რეალობად, რომელიც ძლიერი მომავალის შექმნის საფუძველი გახდება“, – წერს სიჭინავა.
წყარო: ინტერპრესნიუსი