ოზურგეთში, დაბა ლაითურში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გადაადგილება შეიზღუდა

313

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

ადგილობრივის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

“ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მათი თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ ყველას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება”, – აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.

25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა და 1759 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა.