მეზვრიშვილი: რეგულაციების დარღვევისთვის 10 000-მდე ჯარიმაა გამოწერილი

458

ამ დროისთვის რეგულაციების დარღვევისთვის დაახლოებით 9-10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ორი კატეგორიის ადამიანები არიან, ისინი, ვინც წესებს ზედმიწევნით იცავენ და ისინი, ვინც არ იცავენ – ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დაჯარიმება.

„რეალურად პრაქტიკაში ორი გზაა. გარკვეული ადანიანები მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენენ და მთავრობის რეკომენდაცია საკმარისია იმისთვის, რომ ის რაც აკრძალულია წესები ზედმიწევნით დაიცვან. მეორე კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში, მათთან, ვინც არ იცავს წესებს და რეგულაციებს, ვიყენებთ ჯარიმას. ამ დრომდე დაახლოებით 9-10 ათასამდე ჯარიმა არის გამოწერილი. აქედან ნაწილს კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ჯარიმები უკვე გადახდილი აქვს. ამ კუთხით კონტროლი, ანუ რეგულაციების აღსრულების კუთხით კონტროლი გამკაცრებულია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული „კლასტერები“ სოციალურ ღონისძიებებს და განსაკუთრებით, ქორწილებს უკავშირდება.

„ბოლო პერიოდში ქორწილების, ქელეხების დაბადების დღეების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების დაჯარიმების შემთხვევები, რა თქმა უნდა, გვაქვს. შრომის ინსპექცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მინდა გითხრათ, რომ ის ერთეული შემთხვევები, რომელიც საზოგადოების თვალს მოხვდა, ეს არ არის მასშტაბური შემთხვევები. რეალურად ამას საზოგადოება პასუხისმგებლობით მოეკიდა იმიტომ, რომ ბოლო “კლასტერები”, რაც გვქონდა, უმრავლესობა იყო მსგავსი სოციალური ღონისძიებებიდან განსაკუთრებით, ქორწილებიდან. ბოლო პერიოდში ბათუმშიც, თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც მაგალითად სამეგრელოში და იმერეთში, იყო მსგავსი ღონისძიებებიდან წარმოშობილი “კლასტერები”“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რეგულაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ წესების დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.