მეზვრიშვილი ბაღების გახსნაზე: ბაღებში მეტი რისკია – რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ

1286

მთავრობით ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით, მიღებული არ არის.

როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში რჩება.

„დღესაც გაიმართა მსჯელობა. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვაგრძელებთ მსჯელობას. დღის წესრიგიდან არაა მოხსნილი. ბაღებში მეტი რისკია. ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი – ნაკლებად. გვჭირდება რაღაც პერიოდი, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ. გასაგებია, რომ მშობლებს აქვთ გარკვეული ობიექტური წუხილები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა, დღის წესრიგში ეს საკითხი დგას. მე იმედი მაქვს, რომ უკვე მომდევნო, უახლოეს საბჭოს სხდომებზე გვექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა,” – ამბობს მეზვრიშვილი.

დღეს, 24 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტობრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი სწავლას საკლასო ოთახში განაგრძობს. გადაწყვეტილება ოთხ ქალაქს – თბილისს, რუსთავს, ზუგდიდსა და ქუთაისს ეხება. რაც შეეხება ფოთსა და გორს, აქ გადაწყვეტილება ყველა კლასის მოსწავლეს შეეხება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები. ასევე, უცნობია, როდის განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. მეზვრიშვილმა დღეს თქვა, რომ სწავლა, ამ ეტაპზე, დისტანციურად გაგრძელდება.