ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ „გირჩმა” სხვა პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი

551

„გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციამ აჩვენა, რომ მიუხედავად დაძაბულობისა და ბევრი გაუგებრობისა, როდესაც გარკვეულ თემაზე საუბარი დაიწყეს, შეთანხმებასაც მიაღწიეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მაგალითია ის, რომ მაგალითად შეთანხმება შედგა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მიერ დასახელებული პრემიერობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ „გირჩმა” სხვა პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა „გირჩი” მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ისინი „ანგელოზს არ ეძებენ და კარგად იციან, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი”.

„ჩვენი მიზანი არ არის ვიღაც ანგელოზის ძებნა. ანგელოზების არ გვჯერა, სააკაშვილი ვინც არის, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ გვინდა სისტემის ისე დაშლა, რომ არავინ იყოს საფრთხე, არც სააკაშვილი, არც ნათელაშვილი, არც მე და არც არავინ”,-განაცხადა ჯაფარიძემ.