სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და ძალადობრივ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება ექნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.
“სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით. სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ.
შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება. სამწუხაროდ, წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი და მოსყიდვის თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გვყავს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა სახალხო დამცველი განაგრძობს მონიტორინგის განხორციელებას, რამდენად ობიექტურად და დროულად ხდება თითოეულ ფაქტზე გამოძიების დაწყება და პირების პასუხისგებაში მიცემა”,-განაცხადა ლომჯარიამ.