ქალაქ გურჯაანის რამდენიმე ბაღში წელს ბაგის ჯგუფები არ გაიხსნება

347

წელს ქალაქ გურჯაანის პირველ, მესამე და მეოთხე ბაღში ბაგის ჯგუფები არ გაიხსნება. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, დარეგისტრირებული ბავშვები სასწავლო პროცესს ალტერნატიულ ფართში დაიწყებენ. ამის შესახებ სპექტრი წერს. 

„2016 წელს მიღებული იქნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ განათლების კანონი, რომლითაც განისაზღვრა საბავშვო ბაღებში ბავშვთა ოპტიმალური რაოდენობა ჯგუფებში. ბაგის ჯგუფში არ შეიძლებოდა ბავშვთა რაოდენობა 25-ზე მეტი ყოფილიყო, ხოლო დანარჩენში – 30. პირველ მარტამდე, სანამ სასწავლო პროცესი შეწყდებოდა, ქალაქის პირველ, მესამე და მეოთხე ბაღებში უკვე იყო ბავშვების ის რაოდენობა, რაც ფართის მიხედვით ჯგუფებს ავსებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სამ ბაღში წელს ბაგის ჯგუფებს ვერ ვხსნით. საბედნიეროდ, გვაქვს ფართი მეორე ბაღში, 9 აპრილის ქუჩაზე და პანდემიის დროს დარეგისტრირებული ბავშვები, იქ გადანაწილდებიან. ამ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პირველ ბაღში გვყავს რეგისტრირებული 34 ბავშვი, მეორეში -10, მესამეში – 22- და მეოთხეში – 28. მომდევნო წლისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფები რომ გამოთავისუფლდება, მერე შეიძლება ხელახლა გადავანაწილოთ ბავშვები“, – ამბობს ლელა თევდორაშვილი.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მშობლები უკვე საქმის კურსში არიან და არც ერთი ბავშვი ბაღის გარეშე არ დარჩება.