ქვემო ქართლში 8 ბაზარს გაფრთხილება მიეცა

523

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დარღვევის გამო ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით 8 ბაზარს გაფრთხილება მიეცა, რაც განმეორების შემთხვევაში საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. კერძოდ, გაფრთხილება მიეცათ რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისსა და დმანისში არსებულ ბაზრებს. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურში აცხადებენ, განმეორების შემთხვევაში ბაზრებს საჯარიმო სანქცია დაეკისრებათ. კერძოდ, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია 2000 ლარს ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 ათას ლარს, კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში შრომის ინსპექტირების სამსახურს უფლება აქვს კონკრეტული ბაზარის საქმიანობა შეაჩეროს.

TV4 დაინტერესდა თუ რა მდგომაროებაა რუსთავში არსებულ აგრარულ ბაზრებში რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. თავდაპირველად რუსთავის აგრარული ბაზრის ღია ნაწილში ვიმყოფებოდით. როდესაც ადგილზე მივედით, მოვაჭრეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა და მათ ნიღბების გაკეთება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინახეს. როგორც მოვაჭრეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათი მხრიდან რეკომენდაციების დაცვა სრულად ხდება, ხოლო ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ მალავს, რომ რიგ შემთხვევაში რეკომენდაციები არ სრულდება.

ჩვენ ასევე, ვიმყოფებოდით ე.წ. სტამბულის ბაზრის დახურულ ნაწილში. აქ რეკომენდაციებს იცავენ. პირბადეები უკეთიათ როგორც მოვაჭრეებს, ასევე მომხმარებლებს.