ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს ძაბავს. ალბათ, იმის იმედზეა, რომ დამკვირვებლების ცოტა რაოდენობა ჩამოვა და ამით ხელ-ფეხი გაეხსნება წინასაარჩევნოდ ძალადობისთვის, – ამის შესახებ ვაკეში “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, მსგავსი ფაქტები, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ძაბავს, ხშირია და ამ ფაქტების შესახებ პარტიებმა შესაბამის სტრუქტურებს უნდა მიმართონ, რომლებმაც თავის მხრივ, მოკლე ვადაში უნდა გასცენ პასუხი მსგავსი ტიპის შეტყობინებებს.
“წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციების ფონზე. დაწყებული სსიპ- ების, აიპ- ების თანამშრომლების მივარდნებით შეხვედრებზე, ფიზიკური ანგარიშსწორებით, “ლელოს” წევრებზე იყო განხორციელებული რამდენიმე ფიზიკური ზემოქმედება და საქმეც არის ამაზე აღძრული. ჩვენ რა თქმა უნდა, არც ერთ ასეთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ, ჩემთან, ვაკის ოლქში, როგორც “ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, იცით, რომ „ქართული მარში” იყო მობილიზებული და მოგვიწყვეს აქცია, რომელიც ვფიქრობ, ხელისუფლების დაკვეთით იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფაქტებზე უსწრაფესად იყოს რეაგირება, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს,“ – განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს – ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანში ყალბი იდენტობის მქონე პიროვნება დაუკავშირდა, რომელიც მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.
ბოკუჩავას განცხადებით, აღნიშნული პირი იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის მითითებებით.