მირდატ ქამადაძე: „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

798

„ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა, მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საოლქო და საუბნო კომისიებს „ ქართული ოცნება“ აქტივისტებით, კონკურსის გარეშე აკომპლექტებს.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, აღნიშნული პირები ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისში გადიან რეგისტრაციას და შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შესაბამისი ვიდეო-მასალა წარუდგინა.

„ჩვენ ვიდეო მასალა გვაქვს, რომლითაც დასტურდება, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საოლქო-საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიაში კონკურსის წესით უნდა დანიშნოს, ჯერ „ქართული ოცნების“ შტაბში იბარებენ, განაცხადებას პარტიის ოფისში აწერინებენ. შემდეგ ისინი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიდიან და აღნიშნულ განცხადებებს ტოვებენ. ამ ადამიანებს საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებზე, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებად ნიშნავენ. სინამდვილეში კი ისინი „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

საოლქო საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში ადამიანების დანიშვნა კონკურსის წესით მოხდეს, რასაც კანონმდებლობა ავალდებულებს“,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი