ქობულეთში სტატისტიკის შენობაში შესახლებულებმა აქცია გამართეს

393

ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულები აქციას მართავენ. ისინი მერიის შენობაში შეიკრიბნენ და მირიან ქათამაძესთან, ზაალ მიქელაძესთან და ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქობულეთის მერიას ახალ ინვესტორთან ჰქონდა მოლაპარაკება. მათ აინტერესებთ, ვინაა  ახალი ინვესტორი და რა სახის მოლაპარაკება გაიმართა.

შესახლებულებმა ქობულეთის მერიაში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც ისინი ითხოვენ აუხსნან თუ რა პირობით გასხვისდა სტატისტიკის ყოფილი შენობა და როდის დაეხმარებიან მათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქობულეთის მერს არ ენდობიან. მათივე განმარტებით, ისინი არჩევნებამდე დროს შეგნებულად აჭიანურებენ, არჩევნების შემდეგ კი მათ არავინ დაეხმარება.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. აქციის მონაწილეების განცხადებით თუ ზემოთხსენებული პირები მათ არ შეხვდებიან ისინი საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

მერის მოადგილე ლევან ზოიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რამდენიმე საათში მათ აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდება. მისივე განმარტებით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე პირის მონაწილეობით გაიმართება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი შეხვედრას მინისტრთან, ზაალ მიქელაძესა და მირიან ქათამაძესთან შეხვედრას მედიის თანდასწრებით ითხოვენ.