ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით

692

2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი. 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე სულ შევიდა 28 666 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება/დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში შეადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის 25 445 წევრს.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიალური ორგანო, ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობის საფუძველზე.

ამასთან, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გაიცა რეკომენდაციები საოლქო საარჩევნო კომისიებზე, რომ უბნის კომისიების დაკომპლექტების პროცესში დამატებით გაითვალისწინონ:

  • კარგი პროფესიული გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა.

ცესკო მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია