NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესებს სექტემბრიდან დააკვირდება

734

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლების დელეგაცია საქართველოში საარჩევნო პროცესებს სექტემბრიდან დააკვირდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, მისია 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, საარჩევნო ექსპერტებსა და რეგიონის სპეციალისტებს წარმოადგენენ.

დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედის ორი გრძელვადიანი ანალიტიკოსი, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას დააკვირდებიან.

NDI -ის ინფორმაციით, დელეგაცია საქმიანობას სექტემბრის დასაწყისში შეუდგება და საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გააგრძელებს, ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით განაწილდებიან, სადაც ადგილობრივ დონეზე მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან. არჩევნებამდე მისია ერთ შუალედურ ანგარიშს, არჩევნების დღის შემდეგ კი – მეორე ანგარიშს გამოსცემს. რაც შეეხება არჩევნების საბოლოო შეფასებას, იგი საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

”თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში განაწილდებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება. არჩევნების დღეს NDI-ის დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.
NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო მისიას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი