ტოხვაძე: რამდენი დირექტორი დატოვებს პოსტს არჩევნებამდე?! – იმდენი, რამდენიც არ შეასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, ეს დამსხვრეული ოცნებების ხელწერაა

390

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე საჯარო სკოლებში დირექტორთა დანიშვნისა და პედაგოგების სამსახურიდან გაშვების მწვავე საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით არჩვენებამდე საჯარო სკოლებში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, ახალი დირექტორთა გამოცდებისა და დანიშვნის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

ამასთან, მისი თქმით, მოსალოდნელია მოქმედმა დირექტორებმაც თანამდებობა დატოვონ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, კოვიდ-19 პანდემიის გამო დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდები გადაიდო. გამოცდაზე რეგისტრირებული 2244 დირექტორობის მსურველი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია და საჯარო სკოლებში მოვალეობის შემსრულებლები იკავებენ მათ ადგილს. პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების ფაქტზე და პოლიტიკურად მოტივირებულ ელფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტრო არ ჩქარობს გამოცდის დანიშვნას, რადგან არასასურველ დირექტორებს უცერემონიოდ ათავისუფლებს პოსტიდან დაუდგენელი კრიტერიუმებით. ხოლო საარჩევნო მარათონში დახმარების სანაცვლოდ და “დამსახურებისამებრ” აპირებს შეუნარჩუნოს ადგილები დირექტორთა ნაწილს. კიდევ რამდენი დირექტორი დატოვებს პოსტს არჩევნებამდე?! იმდენი, რამდენიც არ შეასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას და შეასრულებს მხოლოდ პროფესიულ ვალდებულებას! მივმართავ განათლების მინისტრს, ეყოს გამბედაობა, ჩამოხსნას პოლიტიკური წნეხი განათლების სისტემას და მისცეს საშუალება კომპეტენტურ კადრებს გავიდნენ გამოცდაზე. ასევე, თხოვნით მინდა მივმართო 2084-ვე საჯარო სკოლის დროებით ხელმძღვანელებს, ნუ გაცვლიან საკუთარ პოსტზე ქვეყნის და მომავალი თაობის პერსპექტივას, ნუ გახდებიან ბრმა იარაღი “დამსხვრეული ოცნებების პარტიის”ხელში,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.