კალაძე იერარქების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე: ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან

757

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მათ პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, როგორც “რიგითი მოქალაქეები” ისე ესწრებიან. ამის შესახებ ფორმულანიუსი წერს. 

“ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ თავიანთი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე, როგორც რიგით მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება”, – ამბობს კალაძე.

“ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფორმულას” განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.