ხარაგაულის ქუჩები, ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, ბაღები ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული არ არის. ხარაგაულში პანდუსი მხოლოდ სოციალური მომსახურების სამსახურისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობებს აქვს; ბიბლიოთეკას – მხოლოდ პირველ სართულზე; მეორე სართულზე ასვლა კი ეტლით მოსარგებლისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ თემაზე სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე ნაკლებად ზრუნავენ. ინდიფერენტულია საზოგადოებაც. ხშირად ვიმეორებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. ეს უცილობლად ასეა, მაგრამ გარემო? გარემო კი ნამდვილად შეზღუდულია, რაც ამ ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს.
ხარაგაულში მცხოვრებმა ეტლით მოსარგებლეებმა იციან, რომ სხვისი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებიან, ვერ შევლენ ადმინისტრაციულ შენობებში, ვერ მიიღებენ მათთვის საჭირო მომსახურებას. სწორედ ამიტომ სახლში დარჩენას ამჯობინებენ.
ზეინაბ ტაბატაძე სოფელ ხუნევში ცხოვრობს. ათი წელია, რაც ეტლით სარგებლობს. არაადაპტირებული გარემო მისთვის დიდი პრობლემაა. ამიტომ ხარაგაულში, წლებია, არ ყოფილა: „ვიცი, რომ გავწვალდები. ამიტომ, თუ რაიმე მჭირდება, სხვებს ვაბარებ. ამ კუთხით ნამდვილად რთული სიტუაციაა. ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებები შენობის დაგეგმარებისას უნდა იყოს გათვალისწინებული“.
„ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის შესაძლებელი უნდა იყოს დამოუკიდებლად გადაადგილება“, – ამბობს ახალსოფლელი მალხაზ თაბუკაშვილი, – ძირითადად, სახლში ვარ. ექიმთან თუ მივდივარ, ისიც სხვების დახმარებით“.
განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვს რომ უნდა ჰქონდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხარაგაულში კი სკოლები ეტლით მოსარგებლე ბავშვების საჭიროებებზე მორგებული არ არის. ეს, გარკვეულწილად, მოტივაციას უმცირებს მათ. ბავშვებს უჩენს იმის განცდას, რომ გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მათთვის არაა განკუთვნილი.
მარიამ ბლუაშვილი ბორითის საჯარო სკოლაში სწავლობს. წლების განმავლობაში სკოლაში დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ძირითადად, დედა ეხმარებოდა. მხოლოდ ამ ზაფხულს გაკეთდა მის სკოლაში პანდუსები. ახარებს ის ფაქტი, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს.
„გარემო, რომელშიც მე ვცხოვრობ, ადაპტირებული არ არის. ხარაგაულში რამდენჯერმე მომიწია ჩამოსვლა. მშობლების დახმარების გარეშე ამას ვერ მოვახერხებდი“, – ამბობს მარიამი.
ხარაგაულში რა კეთდება იმისათვის, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემო შეიქმნას, – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს თემურ თაბუკაშვილისაგან შევეცადეთ. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე კი ამბობს, რომ საკრებულოს მერიისთვის არ წარუდგენია მოთხოვნა ამ კუთხით პროექტის განსახორციელებლად.
„მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი რომ ვიყავი, ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შევეცადეთ, ბიბლიოთეკა ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული ყოფილიყო. საპირფარეშოები გათვალისწინებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის. პირველ სართულზეც დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას.
მეორე სართულზე პანდუსის მოწყობა ვერ მოხერხდა, რადგან დიდი დაქანება იყო. გვქონდა გეგმა, რომ ერთიანი პროექტი გაკეთებულიყო და რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული შენობის ადაპტირება მომხდარიყო. თუმცა, ეს ვერ გაკეთდა. ამჟამად კი ამ კუთხით არანაირი გეგმა და მზაობა არ არსებობს“.
2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები შესაბამისობაში ყოფილიყო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, მისი ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში. ხუთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ხარაგაულში კვლავ უცვლელი მდგომარეობაა ამ კუთხით.
მიმდინარე წლის 28 ივლისს პარლამენტმა მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა აღნიშნავს, რომ 15 წელი დიდი დროა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად. საყურადღებოა ისიც, რომ სხვა განვითარებულ ქვეყნებსაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ ამისათვის.
„ძალიან კარგად მესმის, რომ ძველი შენობების რეკონსტრუქცია-ადაპტირება, გზების მოწესრიგება, შესაბამისი ტრანსპორტის შემოყვანა, სადაც ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ ასვლა, რთულია. თუმცა ეს არის შესაძლებელი. ამას ერთი კონკრეტული სამსახური ვერ გააკეთებს.
ამ საქმეში მთლიანად მუნიციპალიტეტი უნდა ჩაერთოს. გაწერონ სამოქმედო გეგმა, თუ რომელ წელს რომელი შენობის რეკონსტრუქცია მოხდება. რეკონსტრუქცია კი არ ნიშნავს მხოლოდ პანდუსის (პირველადი შესასვლელის) გაკეთებას. შენობა ყველანაირად ადაპტირებული უნდა იყოს, რომ ეტლით მოსარგებლე პირებმა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება. მთავარი ამ საკითხის პრიორიტეტად გამოკვეთაა. პირველ რიგში, სკოლების ადაპტირება უნდა მოხდეს“.
დრო მიდის. ადამიანების გარკვეული კატეგორია კი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. მათ ისეთი გარემო სჭირდებათ, სადაც თავს სხვების თანასწორად იგრძნობენ.