ონში 28-29 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ხელშეკრულება “ქართული ოცნების” შემომწირველის კომპანიასთან დაიდო. ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დადებული ორი ხელშეკრულების ღირებულება 4,1 მლნ ლარია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ხელშეკრულების მიხედვით, ამ თანხით დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს და პროექტის შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ონში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ორი ხელშეკრულება შპს “ცოტნესთან” 16 სექტემბერს დადო. კომპანიის წილი თანაბრად ეკუთვნით პავლე გოგშელიძესა და ირაკლი კერვალიშვილს. კერვალიშვილმა, რომელიც ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია “პეის გრუპის” ერთ-ერთი მფლობელიც არის, მმართველ პარტიას 3 ივლისს 60 ათასი ლარი შესწირა, ბოლო 4 წელიწადში კი, “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს არჩევნების წინ, ჯამში, 180 ათასი ლარი. პარტიის შემომწირველები არიან ფოთის პორტში მისი სხვა პარტნიორებიც.
პავლე გოგშელიძე, რომელიც “ცოტნეს” დირექტორიც არის, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ონის მერიამ მისი კომპანია დაახლოებით 30 კომპანიას შორის ამოარჩია:
“ადგილობრივი კომპანია ვართ, რომელსაც აქვს ბეტონის ქარხანა, ბულდოზერები… ირაკლი ჩემს საქმეში არ ჩარეულა, მე ვარ დირექტორი და ერთპიროვნულად ვმართავ… დივიდენდსაც არ ვიღებთ, მოგებას ტექნიკაში ვდებთ”.
28 ივნისის ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ონის მუნიციპალიტეტში დაანგრია ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი და 10-ზე მეტი ხიდი და დააზიანა ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების სისტემები. გარე სამყაროს მოწყდა 12 სოფელი და ასეულობით ადამიანი, მათ შორის, ზემო რაჭაში მყოფი დამსვენებლები. მუნიციპალიტეტს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 10,4 მლნ ლარის მომსახურების შეძენა აქვს გადაწყვეტილი.