ქალაქ გორის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ჭრა-კერვა-მოდელირების მიმართულებით 30 დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალი გადამზადდა.
პროექტის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც პროექტის ბენეფიციარებმა საკუთარი ხელით შეკერილი ტანსაცმელიც წარმოადგინეს.
პროექტი „ქალაქ გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“ გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი განვითარებისათვის“.
,,ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან შრომის ბაზარზე მკერავებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ჭირს სპეციალისტი, რომელსაც თანამედროვე მანქანა-დანადგარების მართვა შეუძლია. ამიტომ კერვის შემსწავლელი კურსის დაფინანსება მუნიციპალიტეტის მიერ დროულ და საჭირო საქმედ მიგვაჩნია.
დარწმუნებული ვარ, პროექტის ბენეფიციარებს ადგილობრივ სამკერვალოებსა და ატელიეებში დასაქმება არ გაუჭირდებათ. ჩვენი სამსახურიც აქტიურადაა ჩართული მათთვის პოტენციური დამსაქმებლების მოძიებაში. განსაკუთრებით აქტიურ ბენეფიციარებს, კი ვისაც საკუთარი სამკერვალოს გახსნის სურვილი აქვთ, ვაძლევთ რეკომენდაციას, მიმართონ სამთავრობო და არასამთავრობო ფონდებსა და პროგრამებს, მოიძიონ დაფინანსება, შეიძინონ საჭირო მანქანა-დანადგარები და წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. ჩვენ დავაკვირდებით პროექტის ბენეფიციარების დასაქმების დინამიკას, რის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის გაგრძელების შესახებ“ – განაცხადა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ.
პროექტის ხელმძღვანელის ნინო გიორგაძის განცხადებით, მონაწილეთაგან ერთი უკვე დასაქმდა სამკერვალო საწარმო შპს „ლიდერში“ მკერავის პოზიციაზე. ეტაპობრივად მიმდინარეობს კურსდამთავრებულების შეხვედრა დამსაქმებლებთან მათი დასაქმების მიზნით.
ქალაქ გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერების პროექტის საერთო ღირებულება 12 200 ლარია, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით 5 000 ლარით დაფინანსდა.
წყარო: აიპრესი