აფხაზეთში მოქმედი ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც იზღუდება გარკვეული ღონისძიებები, მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავად. ნათქვამია დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, 5 ოქტომბრიდან აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები შენობაში, გარდა კულტურული დაწესებულებების საქმიანობისა, რომლებიც ხორციელდება ამ ბრძანების მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
იკრძალება საქორწილო, თუ სხვა სახის ღონისძიებები. რეკომენდირებულია გლოვის თუ ხსოვნის შეკრებებში მონაწილე პირთა რაოდენობის შეზღუდვა.
ამასთან, კვების ობიექტებმა უნდა უზრუნველყონ დისტანციის დაცვა, მომსახურე პერსონალის მიერ პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენება.
ყოველდღიურად უნდა დეზინფიცირდეს სურსათის, ტანსაცმლის ბაზრებისა და მიმდებარე ტერიტორიები. გამყიდველებს კი კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები უნდა ჰქონდეთ.
ადგილობრივმა ე.წ. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კაბინების ყოველდღიური პროფილაქტიკური დეზინფექცია და მძღოლების მიერ სამედიცინო ნიღბების და ხელთათმანების გამოყენება.
კულტურულ დაწესებულებებშიც თანამშრომლებს მოეთხოვებათ საქმიანობა პირადი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებით. უნდა შემცირდეს ღონისძიებებში ერთდროულად დამსწრე მოქალაქეთა რიცხვი.
ამასთან, დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე “მთელი ქვეყნის” მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირება და მათში იზოლირებული ოთახების გახსნა, კორონავირუსით ინფიცირებული პირების მოსათავსებლად.
ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოყოს დამატებითი ხარჯები, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის 8 შტატით გასაზრდელად.
დეფაქტო განათლების სამინისტროს დაევალა, ადგილობრივ ე.წ. ადმინისტრაციებთან ერთად მუდმივად უზრუნველყოს სკოლამდელი და საგანმანათლებლო დაწესებულებები პირადი დამცავი აღჭურვილობით, სადეზინფექციო საშუალებებით და თერმომეტრებით.
პანდემიის გამო, აფხაზეთში კარანტინი 25 მარტს შემოიღეს. შეზღუდვები სოხუმის გადაწყვეტილებით 15 ივნისს მოიხსნა.
სოხუმმა 1 აგვისტოს გახსნა რუსეთთან. ე.წ. საზღვარი, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი კი რამდენჯერმე მხოლოდ ცალმხრივად გაიხსნა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგაზრდებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში იღებენ განათლებას, საოკუპაციო ხაზის კვეთის უფლებას აძლევს.
სტუდენტებს და მოსაწავლეებს სოხუმი 6 თვის წინ ჩაკეტილ ენგურის ხიდზე სპეციალური სიის მიხედვით ატარებს. სიაში შესულია იმ ახალგაზრდების ვინაობა ვინც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლობენ.