“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ, ასევე, პარტიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვისა და განათლების სამუშაო ჯგუფიდან, ბრიფინგი გამართეს და პანდემიის პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მენეჯმენტში არსებული კრიზისი განიხილეს.
პარტიის ინფორმაციით, ლიდერები ბრიფინგის მსვლელობისას შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა: კომუნიკაციის პრობლემა ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის, დაგვიანებული გადაწყვეტილებები, სიტუაციის ანალიზის არარსებობა, სწავლის პროცესის ჩაშლა.
„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვერ უზრუნველყოფენ პროცესის სწორად მართვას და სასწავლო წლის დროულად დაწყებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხოლოდ პოლიტიკურ ქულებს იწერენ და რეალურად საქმეს არ აკეთებენ.
„პოლიტიკური ქულების მოგროვების მცდელობით არიან დაკავებული. „ოცნების მთავრობა“ მოსახლეობას ვერ სთავაზობს კორონავირუსის გარშემო შექმნილი ყოფითი პრობლემების მოგვარების თანმიმდევრულ გეგმას და მოქმედებებს, რაც ადამიანებში ლოგიკურად იწვევს ქაოსის განცდას.
ადამიანები ვერ გეგმავენ ცხოვრების უახლოეს ერთ-ორთვიან პერიოდსაც კი. მათ შორის, ბავშვების სასწავლო პროცესისათვის მომზადებას. ეს არის არა კორონავირუსის მართვა ან მასთან თანაცხოვრების სწავლა, არამედ შეკეტვის პოლიტიკის გაგრძელება. გაურკვეველია, ნამდვილად დაიწყება თუ არა სწავლა მთავრობის მიერ დაანონსებულ 1 ოქტომბერს. მთავრობის მუდმივი მოწოდება „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან უნდა დაიწყოს სასწავლო პროცესის მოგვარებიდან, რაც მთავრობამ (კერძოდ, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებმა) ამ ეტაპზე ვერ შეძლო. ამ ორ უწყებას შორის არის სრული დის კომუნიკაცია და უწყებრივი ასინქრონი,” – განაცხადა ლევან კობერიძემ.
„ლელოს“ ლიდერები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასაც შეეხნენ, რომლის მიხედვითაც სკოლებს მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე მიეცათ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება #01-408/ო, დანართი №37„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV 2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“, რომელიც არეგულირებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების წესებს კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში, გამოქვეყნდა 2020 წლის 14 აგვისტოს და ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა სკოლამ უნდა სრულად შეასრულოს ბრძანებაში მითითებული პირობები 14 სექტემბრისთვის.
„ლელოს“ ლიდერის, ვატო სურგულაძის თქმით, ეს არის არარეალური დრო და სკოლები ვერ მოასწრებდნენ დროულად მომზადებას.
„იმის მიუხედავად, რომ ბრძანებაში მითითებული მოთხოვნები საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი, ეს ბრძანება დაგვიანებითაა გამოცემული და მათი შესრულება 1 თვის ვადაში საჯარო სკოლებისთვის საკმაოდ რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც.
ქუთაისის #32 სკოლაში მომხდარი ფაქტი, როდესაც 21 თანამშრომელი დაავადდა კორონავირუსით, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის განათლების სისტემა არ არის მზად სასწავლო პროცესის დაწყებისათვის. სისტემის მოუმზადებლობა წარმოადგენს იმ მიზეზს, რის გამოც საქართველოს დიდ ქალაქებში მოხდა სწავლის დაწყების გადატანა 2 კვირით,”- განაცხადა სურგულაძემ.
„ლელოს” მოქმედი ჯანმრთელობის და განათლების თემატური ჯგუფების რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები: მასწავლებლების და სკოლის თანამშრომლების წინასწარი ტესტირება კოვიდ ინფექციაზე, სკოლების ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური კუთხით ტექნიკურ/ინფრასტრუქტურული მზაობისთვის სწრაფი ხელშეწყობა და მკაცრი კონტროლის დაწესება, სკოლების ექიმების უზრუნველყოფის პრობლემის სასწრაფო გადაჭრა, სკოლის ექიმების და სკოლის პერსონალის (მასწავლებლები, სამეურნეო და ადმინისტრაციული პერსონალი) სწავლების ჩატარება კორონავირუსის ინფექციის მართვის შესახებ.
ასევე, არსებობს შემდეგი შეკითხვები და პრობლემები: სახელმწიფოს მხრიდან რა ღონისძიებები არის დაგეგმილი, თუ კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდება სასწავლო დაწესებულებაში, არსებობს თუ არა მოსწავლეების გადანაწილების გეგმა,
რაც შეეხება ონლაინ სწავლების პრობლემებს, ონლაინ განათლება არ არის განათლების სრულყოფილი ფორმა, ამიტომ სახელმწიფოს ამოცანაა, უკიდურეს შემთხვევებში შემოიღოს ამ ტიპის სწავლება. პრობლემაა, შესწავლილია თუ არა ონლაინ სწავლების შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში, რა არის გაკეთებული ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონებში.