ქართული მარნეულის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობას, სხვა კანდიდატების მსგავსად, „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალიც ხვდება.
ზაურ დარგალს ამომრჩეველთან შეხვედრები ყოველკვირეულად აქვს, მაგრამ ამ შეხვედრების ჩატარების დროსა და ადგილს რადიო „მარნეულს“ არ ატყობინებენ. ჩვენი ყოველი მცდელობა, რომ პარტიიდან გავიგოთ თუ ვისთან და სად აქვს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს შეხვედრა, უშედეგოდ მთავრდება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
რადიო „მარნეულმა“ ზაურ დარგალის მხოლოდ ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოახერხა დასწრება, რომელიც 2 სექტემბერს სოფელ ზემო სარალში გაიმართა. რდიო „მარნეულმა“ აღნიშნული შეხვედრის გამართვის შესახებ შულავრის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებულისაგან შეიტყო.
ძირითადი ინფორმაციის წყარო, საიდანაც დარგალის წინასაარჩევნო შეხვედრების შესახებ ინფომრაციის გაგებაა შესაძლებელი მისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდია, სადაც ინფორმაცია შეხვედრების ჩატარების შემდგომ ქვეყნდება.
დარგალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლებში ვიზიტისას ძირითადად იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
10-დან 17 სექტემბრამდე პერიოდში, დარგალს მარნეულის ორ და გარდაბნის ექვს სოფელში ჰქონდა შეხვედრა. მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დარგალმა წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე, ხოლო შაუმიანში ახალი ხიდის მშენებლობაზე, ახლადაშენებულ საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრსა და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტში არის ყველაზე მეტი ახალაშენებული საბავშვო ბაღი, მოწესრიგებული სასმელი წყლის ქსელი, რეაბილიტირებული გზა. გარდაბანს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი, რომელსაც კიდევ უფრო ეფექტიანი გამოყენება სჭირდება,“ – აღნიშნულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის კალინინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში დარგალის ვიზიტის აღმნიშვნელ პოსტში.
„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა მცირე და საშუალო ბიზნესის მეპატრონეებთანაც გამართა შეხვედრა სადაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
„მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების და ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლება“, – წერია დარგალის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრას მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. მაჟორიტარობის კანდიდატის გვერდზე გამოქვეყნებულ, შეხვედრის ამსახველ სურათებში, ქალები არ ჩანან.