ტროტუარები, შიდა გზები და ლეონიძის სკვერი – ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში

469

რუსთავში ლეონიძის სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია და ამ ეტაპზე, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის გარკვეული ვადა აქვს გამოყოფილი. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

“დასრულების ფაზაშია ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია, დარჩენილია გარკვეული ხარვეზების გამოსწორება, რისთვისაც კომპანიას მიეცა ვადა. ვფიქრობთ, რომ ქალაქმა შეიძინა ერთ-ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე. ამ სკვერმა მიიღო დანიშნულება.

აქ განთავსდება დაცვის სამსახური, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოახდენს უსაფრთხოების გაკონტროლებას. ასევე დაკომპლექტდა დასუფთავებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის კუთხით რამდენიმე ჯგუფი”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ტაბაღუას განცხადებით, მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას სკვერის დაპროექტების პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის.

მულტიფუნქციური სკვერი 4 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული. პროექტის განხორციელებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მლნ 775 000 ლარი გამოიყო.

რუსთავის მერმა ასევე მოინახულა ტროტუარებისა და შიდა გზების მოწყობის სამუშაოები, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთ ნაწილს სამშენებლო კომპანია შპს “გზა” ახორციელებს და პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია კოსტავას გამზირიდან ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ფანცუალაიას ქუჩაზე დარჩენილი ტროტუარების რეაბილიტაცია და ასევე, მესხიშვილის ქუჩაზე პარკინგების, გაზონებისა და მოაჯირების მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 673 953 ლარია და სამუშაოები, ხელშეკრულების პიროებების თანახმად, დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ნაწილს, ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია “მილენიუმ ბილდერს გრუპია”. პროექტის ფარგლებში, ფიროსმანისა და მოდებაძის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაცია, ასევე, მე-12 მიკრორაიონის #1-ის მიმდებარედ დარჩენილი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 526 869 ლარია და სამუშაოები ნომებრის თვეში უნდა დასრულდეს.