“ოცნებასთან” დაახლოებული კომპანიები და 100 000 ლარზე მეტი ვანის სკოლებისა და ბაღების სველი წერტილებისთვის

459

ვანში არსებული ტენდერები “ფლანგვის დეტექტორმა” შეისწავლა. ორგანიზაცია კორუფციულ სქემაზე მიანიშნებს. აცხადებს, რომ მმართველი პარტიის კოორდინატორისა და მისი ახლობლების კომპანიებმა ვანში სკოლებსა და ბაღებში სველი წერტილების მოსაწყობად ბიუჯეტიდან უტენდეროდ 100 ათას ლარზე მეტი მიიღეს.

მათი თქმით, კომპანიები “20-20” და “სანი 2020” აგვისტოში საგანგებოდ შეიქმნა. რეგისტრაციიდან 1 თვეში კი ბიუჯეტიდან თანხა უკვე გადაერიცხათ.

“ფლანგვის დეტექტორის” მტკიცებით, დამფუძნებლები ბესიკ შუბლაძე და შალვა კაშია მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და მისი აქტიური მხარდამჭერები არიან.

“ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად, მათ შორის სველი წერტილების მოსაწყობად იმ საგანმანათლებლო სივრცეებში, სადაც ამის საჭიროება არსებობდა ხელისუფლებას ჰქონდა 6 თვე (2020 წლის მარტიდან დაწყებული), შესაბამისად არსებობდა შესაძლებლობა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის პრინციპის დაცვით, ტენდერების გამოცხადების გზით მომხდარიყო იმ მომსახურების შესყიდვა, რომელიც უზრუნველყოფდა სველი წერტილების მოწყობას შესაბამის ადგილებში.

მიუხედავად ამ დროის არსებობისა ვანის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე, სასწრაფო წესით შეესყიდა აღნიშნული მომსახურება, ყოველგვარი ტენდერის გამოცხადებისა და ხარჯების ეკონომიის გარეშე. ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში სველი წერტილების მოსაწყობად აგვისტოს თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 100,551 ლარი.
აღნიშნული მომსახურება პირდაპირი შესყიდვის გზით, ყოველგვარი ტენდერისა და კონკურენციის გარეშე, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ორი კომპანიისგან: შპს “20-20” და შპს “სანი 2020”.
შპს “20-20” საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2020 წლის 1 აგვისტოს მოქალაქე ბესიკ შუბლაძის მიერ. ბესიკ შუბლაძე არის ვანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, რომელიც აგრეთვე გახლავთ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი და მისი აქტიური მხარდამჭერი. როგორც თანასოფლელები ამბობენ, წინასაარჩევნოდ ის ე.წ კოორდინატორის ფუნქციასაც კისრულობს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. კომპანიის რეგისტრაციიდან 5 დღეში ბესიკ შუბლაძემ ვანის მუნიციპალიტეტისგან 61,600 ლარი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო რეგისტრაციიდან 1 თვის თავზე – დამატებით 24,000 ლარი.
შპს “სანი 2020” საჯარო რეესტრში 2020 წლის 17 აგვისტოს დარეგისტრირდა, ვანში მცხოვრები შალვა კაშიას მიერ. შალვა კაშია და მისი ოჯახი, რომელთან საკმაოდ მსხვილი ბიზნესები აქვთ ვანის მუნიციპალიტეტში, აგრეთვე მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები არიან. კომპანიის რეგისტრაციიდან 10 დღეში შალვა კაშიამ 14,950 ლარის პირდაპირი შესყიდვა მიიღო ვანის მუნიციპალიტეტისგან, სხვადასხვა სოფლის საბავშვო ბაღებში სველი წერტილების მოსაწყობად.
აღნიშნული გარემოებები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა კომპანიების რეგისტრაციამდე იცოდნენ აღნიშნული შესყიდვების მიღების შესაძლებლობის შესახებ. ეს ზრდის კორუფციის რისკებს ვანის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის არაეკონიმიურ ხარჯვას,” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2758636667745099