საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს და მასში მოცემულია ანალიზი გამოვლენილ დარღვევებზე ან ისეთ ქმედებებზე, რომელიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა.
პრეზენტაციაზე სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ საიას დამკვირვებლებმა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან დააფიქსირეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა (მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა), ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა, ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნების წინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა.
„განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზის დასაძლევად გადადმული ნაბიჯები, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა. გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან („ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“)“, – აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში.
როგორც სულხან სალაძემ განაცხადა, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნების წინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს („ლელო“, „მოძრაობა ხალხისთვის“) არ მიეცათ არჩევნების წინა აქტივობების გამართვის საშუალება, რამაც დაძაბული გარემო, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა.
„სხვა ფაქტები შეეხებოდა ისეთ შემოწირულებას, რომლის კანონიერებაზეც კითხვები არსებობს, ასევე, პარტიის რეგისტრაციას, არჩევნებით მანიპულირებას, პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას.
საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით“, – ნათქვამია საიას მიერ მომზადებულ მონიტორინგის შედეგებში.
შუალედური ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.