მარნეულში სამ სტადიონს მოაწყობენ, ოთხს კი გაარემონტებენ

321

მარნეულის მერია მუნიციპალიტეტში სამი მინისტადიონის მოწყობასა და ოთხი მინისტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სტადიონების მოწყობისათვის ოთხი ტენდერი 16 სექტემბერს გამოაცხადა. სამი ტენდერის მიხედვით, სოფელ აზაზქენდში და წერაქვში და ქალაქ მარნეულში ბაქოსა და შარიფოვის ქუჩების კვეთაზე კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი მოეწყობა.

თითოეული სტადიონის მოწყობისათვის მერია 67 796 ლარის დახარჯვას აპირებს. ჯამში, სამივე სტადიონის მოსაწყობად 203 388 ლარს დახარჯავს. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 25-დან 28 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რაც შეეხება მეოთხე ტენდერს, მერიამ ქალაქ მარნეულში 26 მაისის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე და ჯანდარის დასახლებაში არსებული სტადიონების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ერთობლივი, 123 438 ლარის ღირებულების, ტენდერი გამოაცხადა.

მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 26-დან 29 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.