“ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას ფინანსურ გეგმას სთავაზობს

593

მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება მინიმუმ 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით.

“ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე რესურსი, რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

მისივე თქმით, ეს დროებითი მექანიზმი იქნება წინაპირობა იმ 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც ლელოს მარშალის გეგმაშია მოცემული.

“მე მაქვს ახალი შემოთავაზება, რატომღაც მთავრობამ ჩემი წინა შეთავაზება არ გაითვალისწინა. მე მათ შევთავაზე, შეექმნათ 3 მლრდ-იანი საგარანტიო ფონდი, რომელიც ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა არც ლარს და არც კომპანიებს, რომლებმაც დაკარგეს თითქმის ყველაფერი. თუმცა, ახლა კიდევ ვთავაზობ ალტერნატივას, შექმენით გარანტია, მოსახლეობისთვის, რომ ის ძველი კრედიტები გადაფინანსდეს, ამით მოეხსნება ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი. ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ამ კრიზისს გადავივლით, გავივლით არჩევნებს, ამ სტრესს მოვუხსნით, როგორც ხალხს ასევე ეროვნულ ვალუტას”.

“ლელოს” თავმჯდომარის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ყველა მხარე — მათ შორის, თავად სახელმწიფოც მოგებული დარჩება.

“ეს ხალხი ვისაც ვალდებულება აქვს ბანკებში, არიან გადახდისუნარიანები, სხვა შემთხვევაში ბანკები მათთან არ ითანამშრომლებდნენ. უნდა მოხდეს ახალი ისტორიის დაწყება, ახალი ათვლის წერტილის დაწყება. ეკონომიკა ამოისუნთქებს, ბანკებს მოეხსნებათ რეზერვი, რითაც უზარმაზარ ზარალში მიდიან და ბანკების ზარალი პირდაპირ პროპორციულია ქვეყნის ეკონომიკის ნგრევის. ამიტომ ვურჩევ მათ, გაითვალისწინონ ჩვენი შეთავაზება”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდენენ. ამავე დროს ლელომ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნა შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ პარტიაში აცხადებნენ, აღნიშნული ფონდი მათ მიერ შეთავაზებული 6-მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ფონდი კომპანიებს საშუალებას მისცემდა, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების 80%