მეზვრიშვილი: მთავრობა მუშაობს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მოქალაქეებს სოციალურ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეექმნათ

456

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მოქალაქეებს სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვების გამო შეექმნათ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რადგან ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს თემები სპეკულირების საგანი არ უნდა გახდეს.

„რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და გარკვეულ შემოსავალს იღებდნენ, ამ ადამიანებს ეს შეზღუდვები შეეხოთ და ზარალი განიცადეს. მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობს, რომ ეს პრობლემები ამ ადამიანებს, რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ.

ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მაქსიმალურად მოვექცეთ. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ვიმყოფებით და ეს თემები სპეკულირების საგანი არ უნდა გახდეს, თუმცა ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია ეს ადამიანები დავამშვიდოთ“,-აცხადებს მეზვრიშვილი.

მან საზოგადოებას მოუწოდა, ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციები გაითვალისწინონ.

„რაც შეეხება რეგულაციებს, კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ, ატარეთ პირბადეები ყველგან, დახურულ სივრცეში, განსაკუთრებით კი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გნებავთ თხოვნა დავარქვათ, გნებავთ მოთხოვნა, კონტროლი გამკაცრებულია და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ასევე, სოციალური დისტანცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველგან.

მთავრობა თანმიმდევრულად მუშაობს. ჩვენ აღარ მივდივართ სრული კარანტინის გზით, ვმუშაობთ ლოკალურად, ამას ბუნებრივია, მთავრობასთან ერთად საზოგადოების ხელშეწყობა სჭირდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და მაქსიმალურად ვიმუშაოთ“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.