მმართველი გუნდის ყოფილი “ამბოხებული” დეპუტატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ბლოკის წევრი, კახა ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. მისი აზრით, ასე იმიტომ მოხდება, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებების დროს ბოლომდე მაჟორიტარულ არჩევნებს უჭერდა მხარს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დარწმუნებული ვარ, რომ მე გავიმარჯვებ და რატომ იცით?! იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც ბოლომდე ვიცავდი მაჟორიტარულ არჩევენებს და ჩემებმა ყველა კონკურენტმა ხმა მისცა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას, ანუ ხალხს წაართვა უფლება, რომ მათ საკუთარი დეპუტატი ჰყავდეთ, – თქვა კახა ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილი “ძალა ერთობაშიას” 4 სექტემბერს შეუერთდა, დღეს, 15 სეტემბერს კი ბლოკმა მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინა. ოქრიაშვილი კენჭს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში იყრის.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.