რუსთავის მერიას პენსიონერები 100 ლარიანი დახმარების მისაღებად მიმართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის აპარატის უფროსი ავრცელებს.
ნინო ნიკოლავას განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტს მსგავსი სახის დახმარება არ აქვს პროგრამაში, შესაბამისად არსებობს ეჭვი, რომ გაურკვეველ პირებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ და ცრუ ინფორმაციას შეგნებულად აწვდიან მათ.
“ბოლო პერიოდში მერიის სამოქალაქო მისაღებში იმატა პენსიონერთა თხოვნამ, მერიის მხრიდან 100 ლარიანი სოციალური დახმარების გაცემის მოთხოვნით. აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მსგავსი სახის სოციალური დახმარება. ეს არის მოქალაქეთა მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და მათი მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გამოყენება,” – განაცხადა ნინო ნიკოლავამ.