ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს. გათვლა ჰქონდა, რომ ამოვეგდე რეგისტრაციიდან, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ცესკოში რეგისტრაციისთვის ბლანკს თვენახევრის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მას არ აძლევდნენ.
’’რეგისტრაციას „გვიხარვეზებდნენ“. გუშინ თქვეს საბოლოო პასუხი, ალბათ, ახალ შარს მოერიდნენ. არადა, საინიციატივო ჯგუფის მიერ ვიყავი წარდგენილი. ყველაზე დიდი პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცესკოში ბლანკებს არ გვაძლევდნენ. ვიცოდით, რომ არჩევნები 21 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო. გუშინ მოგვცა სამი ფარატინა ბლანკი. ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს. გათვლა ჰქონდა იმაზე, რომ ამოვეგდე რეგისტრაციიდან’’, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუა არ პრეტენზია პრეზიდენტთან, რომელსაც შეეძლო არჩევნების თარიღი 60 დღეზე ადრე დაესახელებინა, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, გიორგი მარგველაშვილთან ამ მხრივ არანაირი პრეტენზია არ აქვს.
‘’პრეზიდენტის მიმართ პრეტენზია რომ მქონდეს, კანონის მიმართ უნდა მქონდეს. კანონთან კი არანაირი პრეტენზია არ მაქვს. პრეტენზიები ხელისუფლების და ცესკოს მიმართ მაქვს, ვინაიდან სამი ცალი ბლანკი ერთი თვის ხვეწნის შემდეგ მომცეს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა თბილისის მერად რეგისტრაციისთვის ცესკოს 1-ელ სექტემბრამდე ამომრჩევლის 10 000 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.
წყარო: ინტერპრესნიუსი