სოფელ ქიწნისთან საგუშაგო უკვე მოეწყო. ადგილობრივებს იქ შესვლა და გამოსვლა შეუფერხებლად შეუძლია. ისინი სავალდებულო თერმოსკრინინგს გადიან.
ეპიდემიოლოგები კი კორონავირუსზე ტესტირების ჩასატარებლად ნიმუშებს იღებენ. დღეს ეპიდაფეთქების კერაში 300 ადგილობრივი უკვე გაიტესტა. პოლიციის მობილური ჯგუფი ქიწნისის მეურნეობის შესასვლელში 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს.
საკონტროლო პუნქტი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. ის პოლიციის თანამშრომლებსა და მედიკოსებს შეხვდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. სიმონ გულედანი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ზედმეტი გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
გადაწყვეტილება საგუშაგოს მოწყობის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.