ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე 14 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მოკვლევა დაიწყო.
ცესკო-ს ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარის დავალებით, კომისიის შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც დღეს ასევე აქტიურად გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირების თაობაზე უახლოეს მომავალში გაგაცნობთ“, – აცხადებენ ცესკოში.
ცნობისთვის, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების არჩევის დროს ხმაური და დაპირისპირება იყო.
სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრს, დავით მჟავანაძეს დაატოვებინეს, თუმცა მანამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციის განცხადებით, კომისიის წევრები საოლქო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული. აღნიშნულ ბრალდებას საოლქო საარჩევნო კომისიაში „უსაფუძვლოს“ უწოდებენ.