“რეფორმერის” თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით „პარტიის“ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლითაც მისი შეფასებით, ქვეყანა მასობრივ ჩაკეტვასა და ეკონომიკის ჩამოშლას თავიდან აიცილებს.
ის ხელისუფლებას ეპიდსიტუაციის სწორი მართვისკენ მოუწოდებს.
“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეპიდსიტუაციას სწორი მართვა სჭირდება.
დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია და ზოგადად, საზოგადოებრივი განწყობა ცხადყოფს, რომ ჩაკეტვა და ზედმეტი არამიზნობრივი რეგულაციები გამოსავალი არ არის, ამიტომაც ჩვენ წარმოვადგენთ “რეფორმერის” ხედვას კრიზისის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვიწევს თანაცხოვრება ამ ვირუსთან. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხები, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. როდესაც ვსაუბრობთ Covid 19-თან თანაცხოვრებაზე, მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლების მიმართულებებით. იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, წარმოვადგენთ პროგრამას, რომლის განხორციელების შემთხვევაში, თავიდან ავირიდებთ მასობრივ ჩაკეტვას, რაც ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას საბოლოო ჩამოშლისგან გადაარჩენს“, – აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.
მისი თქმით, პარტია “რეფორმერს” აქვს კორონაპანდემიასთან დაკავშირებული სიღრმისეული ანალიზი და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
“ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან, შესაბამის უწყებებთან, ინდივიდუალურ პირებთან, ვინც დაინტერესებულია პრობლემის გადაჭრით და გააჩნია ამის შესაძლებლობა“, – აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.