ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან არ განახლდება.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, სოფელ მატანის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს ლაბორატორიულად Covid 19 დაუდასტურდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნელი ხიზანიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის განახლდება სწავლა.
“დაინფიცირებული ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის. ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ ამ ქალბატონის კონტაქტები, მათ შორის მასწავლებლები,სკოლის დირექტორიც. ველოდებით ტესტის პასუხებს“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
ამ დროისთვის რეგიონში სამი კლასტერია.
ლაგოდეხში, ველისციხესა და მატანში ეპიდემიოლოგთა ჯგუფები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება, არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.