პოლიტიკურმა მოძრაობამ „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა“ საარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მომხრეებს წარუდგინა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები – ლია მუხაშავრია, კოტე კემულარია, თამარ შარანგია და კობა ქანთარია.
პოლიტიკურმა მოძრაობამ შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნო.
„საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქში, ზუგდიდში, ოფიციალურად სტარტს იღებს ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის ამ რეგიონს, და ზოგადად ჩვენი პერსპექტივისთვის. ყველას ძალიან გვაწუხებს ის ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს დაკარგული აქვს. დღეს ვიმყოფებით ყველაზე ახლოს იმ ტერიტორიასთან, რომელიც ყველა ჩვენგანის ტკივილია. ამიტომ, დღევანდელი ჩვენი შეკრება, დღევანდელი ჩვენი ძალის ფორმირება, ხელს უნდა უწყობდეს ჩვენს ძმებთან ურთიერთობების გამყარებას და მათთან ურთიერთობების განახლებას. ძალიან დიდი ხანი და დიდი პერიოდი მოგვიწია ამ პაუზის გაძლება, ყველა ჩვენგანის ტკივილია და ეს უნდა გადავლახოთ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვაჟა კიტია დაასახელეს.