„ქართული ოცნების“ ოფისთან “ლელოს” ქალთა საბჭოს ორგანიზებით აქცია გაიმართა

580

პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან “ლელოს” ქალთა საბჭოს ორგანიზებით აქცია-ბრიფინგი გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია ზუგდიდში “ლელოს საქართველოსთვის” ქალ წევრებზე შანტაჟის და ბოლო დროს გახშირებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარდა.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ განაცხადა, ქალთა საბჭოდან ზუგდიდის ორი წარმომადგენლის მიმართ მაღალი თანამდებობის საჯარო პირის მიერ ძალადობა და შანტაჟი განხორციელდა.

,,ლელო საქართველოსთვის ქალთა საბჭოდან ორი ზუგდიდის წარმომადგენლის მიმართ განხორციელდა ძალადობა მაღალი თანამდებობის საჯარო პირის მიერ და არათუ დაიგმო ეს ფაქტი არამედ პირიქით, მისი მაამებლური კომენტარები გავრცელდა სოციალურ ქსელში.

ჩვენ, ჩვენი პარტიის წევრებისგან გვაქვს თანხმობა, რომ გავასაჯაროოთ მათი სახელები და ეს ჩანაწერები არის მთლიანად მტკიცებულების სახით შენახული. მოვუწოდებთ, საგამოძიებო ორგანოებს სასწრაფოდ გამოიძიონ საკითხი და სისხლისსამართლის პასუხისგებაში იყოს მიცემული ეს პირი.

აქვე აღვნიშნავ, რომ „ლელოს“ წევრების მიმართ, უშუალოდ ჩემს მიმართაც ისანში ხორციელდება არნახული ძალადობა, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფებთან. სასწრაფოდ გამოიძიეთ, თორემ 31 ოქტომბერს დასრულდება თქვენი ხელისფულება და ჩვენ გამოვიძიებთ თქვენს ყველა დანაშაულებრივ სქემას. თქვენ წარსდგებით სასამართლოს წინაშე, მაგრამ ის სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და გაწმენდილი თქვენი წევრებისგან“, – აღნიშნა ლანა გალდავამ.

შეგახსენებთ, რომ „ლელო“ „ოცნების“ წარმომადგენელს მისი წევრი ქალების შანტაჟში ადანაშაულებს.