„ლელო“ „ოცნების“ წარმომადგენელს მისი წევრი ქალების შანტაჟში ადანაშაულებს

541

“ლელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ შეურაცხმყოფელად მოიხსენია და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით დაემუქარა მათ ქალ წევრებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. 

პარტიაში ამბობენ, რომ ლაშა გვასალაის კომენტარები სექსისტურია და აშკარაა ქალთა შევიწროების ფაქტი. ამასთან, განმარტავენ – გვასალიას მხარს უბამენ ე.წ. ტროლები და თავს ესხმიან უხამსი გამონათქვამებით. ბრიფინგზე რამდენიმე ფეისბუკ კომენატრის სკრინიც წარმოადგინეს.

ახალგაზრდული ფრთის წევრი სესილი ჭითანავა ამბობს, რომ ერთ-ერთია, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი შეეხო. მისი თქმით, აბულინგებენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება. სოციალურ ქსელში უწერენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაასაჯაროებენ.

“დარწმუნებული ვარ, ასეთი კადრები არ აქვთ, მაგრამ რომც გააჩნდეთ, ეს უკვე ჩემი პირადი ცხოვრებაა და არანაირი უფლება არ აქვთ ჩემს პირად ცხოვრებას შეეხონ. მივმართავ მათ, საკმარისია უკვე. არაერთხელ ყოფილა მათი მხრიდან მსგავსი ქმედებები, მაშინაც, როცა მათთან ვმუშაობდი. ორი წელია “ოცნება” დავტოვე”, – განაცხადა სესილი ჭითანავამ.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის კიდევ ერთი წარმომადგენელი მონიკა ბულია ამბობს, რომ ბულინგი და შეურაცხყოფა მასაც შეეხო. მისი თქმით, ეს ყველაფერი მოჰყვა ლაშა გვასალიას შეურაცხმყოფელ პოსტს “ლელოს” მიმართ, რაზეც საკუთარი აზრი გამოთქვა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური არჩევანი არის ადამიანის თავისუფალი ნება, რაზეც პასუხად, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსისდან და მისი “ბოტებისგან” მიიღო უხამსად მოხსენიება. “ტროლები” კი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით დაემუქრნენ. მსგავსი კადრები, ამბობს, რომ არ არსებობს და ეს მხოლოდ მის დასაშინებლად მოიგონეს.

“მოვუწოდებ, რომ დაოკდნენ. ნუ ჰგონიათ, რომ ყველგან ხახვის და კარტოფილის ხანაა და არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯანსაღად მსჯელობენ და ამ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა უნდათ”, – განმარტა მან.

მონიკა ბულიას თქმით, სწორედ მის კომენტარს მოჰყვა “ლელოს” დანარჩენი ქალი წევრების და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა შეურაცხყოფა.

“ლელოს” ქალთა საბჭოს წევრის, სოფო შამუგიას თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი შინაარსის კომენტარებზე არ ხდება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. მით უფრო, როცა საქმე მაღალჩინოსანს ეხება.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, გენდერული საბჭოს წევრებს, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებობს, მათ შორის საკრებულოს ბაზაზეც, განსაკუთრებით სახალხო დამცველს, შეისწავლონ ეს ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები ამ დისკრიმინაციული გამოვლინების გამო”, – აღნიშნა მან.

ბრალდებებს უარყოფს ლაშა გვასალია. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ამბობს, რომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დადო “სახუმარო კალამბური”, რის შემდეგაც “ბოტები შემოცვივდნენ”. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არა ადამიანებს, არამედ სწორედ ბოტებს ესაუბრებოდა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ, ოჯახს და მიცვალებულ მამასაც შეეხნენ. ამასთან, მას პირადად “ერთლარიანი პოეტი” უწოდეს.

“პირიქით, ისინი აბულინგებენ საზოგადოებას. როგორც კი რამე განცხადებას გააკეთებ მათი პარტიის მიმართ, ესენი დაგეშილები შემოვარდებიან. ვიფიქრე, რა დავაშე. თან ვიხმარე სიტყვა აგელასტი, რაც ნიშნავს ხუმრობის ვერშემგრძნობს. მათ ეს სიტყვა სხვა სიტყვაში შეეშალათ. ესენი უწიგნურები არიან. გაუნათლებლები. ადამიანთა ბრბო”, – უთხრა ლაშა გვასალიამ “ლაივპრესს”.

გვასალიასვე თქმით, საპასუხოდ მას “ამ შემოსევისგან” იცავდნენ ადამიანები და არა ბოტები, როგორც “ლელოს” წარმომადგენლები ირწმუნებიან. ამბობს, რომ არსებობს სამსახურები, რომლებსაც შეუძლიათ გაშიფრვა, თუ ვინ დგას “ლელოს” მიერ ნახსენები ტროლების უკან და აქვს თუ არა სინამდვილეში კავშირი მათთან თავად.

აპარატის უფროსის თქმით, ის არავის დამუქრებია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით. უბრალოდ დაწერა, რომ გამოაქვეყნებდა იმას, რაც მისწერეს.

“რაღაც ინციდენტი მოხდა. მერე გავიხუმრე ამაზე კალამბურით. როცა შემოდიხარ ფეისბუკზე, უნდა იცოდე ვის გვერდზე შემოდიხარ. ლაშა გვასალია წერს სხვანაირ ტექსტებს და ეს რთული ტექსტებია. ამიტომ, ჯერ აი ია ისწავლონ და მერე შემოვიდნენ ჩემს გვერდზე”, – აღნიშნა მან.

ლაშა გვასალია ამბობს, რომ ეს მიმოწერა მის გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს, თუ ვინ იწყებს ლანძღვას, ვინ ეხება ოჯახს.

მისივე განმარტებით, თვითონ თითქოს ყველაფრის უფლება აქვთ, თავად კი, რადგან საჯარო მოხელეა, არაფრის უფლება არ აქვს და თმენის ვალდებულებას ახსენებენ.

“თუ თავში ჩამარტყი, თუ ოჯახი გამილანძღე, თუ დედაჩემს შეეხე.. ჩემი ოჯახი ჩემი ეკლესიაა. თუ ყველაფერს შეეხე, ამას არ შეგარჩენ. პასუხს მაინც გაგცემ, სხვა თუ არაფერი”, – განმარტა ლაშა გვასალიამ.

მან 10 სექტმბერს გამოაქვეყნა შემდეგი ფეისბუკ პოსტი, რასაც დაპირსიპირება მოჰყვა:

“ლელოელები” კრთებიან, როგორც ქსელში გახვეული ბაბაჭუები”..

ამ ყველაფერს წინ უძღოდა 9 სექტემბერს, “ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის წარდგენაზე მომხდარი დაპირისპირება. მამუკა ხაზარაზეს რამდენიმე მოქალაქე, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მათ შორის მერიის ააიპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორი მადონა მაქაცარია. ისინი შეკრების ადგილზე მივიდნენ პრეტენზიით, რომ ხაზარაძე წლების წინ უპირისპირდებოდა ეროვნულ მოძრაობას, რასაც ვერ პატიობენ.