მცხეთის სოფელ ბიწმენდში საჯარო სკოლა შენდება

734

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც. დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.