სოცკარ პუთულიანი ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქში, „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის განდიდატია. 33 წლის ექიმი ფიქრობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რადგან „ლელოს“ ახალგაზრდა და გამოცდილი გუნდი ჰყავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალგაზრდა ექიმი ამბობს, რომ პოლიტიკაში აქამდე არ ყოფილა და არც არჩევნებში მონაწილეობდა, „ლელოს“ შემოთავაზებას კი იმიტომ დათანხმდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტიას ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.
„პოლიტიკა ჩემი არასოდეს ყოფილა, არჩევნებშიც არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან არ ვიმყოფებოდი ქვეყანაში. „ლელოს“ ჰყავს ახალგაზრდა გუნდი და განათლებული ადამიანები, ეს არის შესანიშნავი ჯგუფი, კარგი შესაძლებლობებით, ამიტომ დავთანხმდი მათ შემოთავაზებას“,- ამბობს სოცკარ პუთულიანი.
იგი ამბობს, რომ „ქველმოქმედია და ადგილობრივები არჩევნებზე მის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს“.
„ყველამ იცის, რომ საქმეს ვაკეთებ და მხოლოდ დაპირებები არ მიყვარს. ოთხი წლის განმავლობაში დავდიოდი სოფლებში და უფასოდ ვმკურნალობდი ხალხს. ახლა როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისე წარვდგები მათ წინაშე“, – ამბობს პუთულიანი.
სოცკარ პუთულიანი 1987 წელს დაიბადა, 2005 წელს დაამთავრა ნინოწმინდის პირველი საჯარო სკოლა, 2005–12 წლებში სწავლობდა ერევნის მხითარ ჰერაცუს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. არის ზოგადი ქირურგი და ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.