დავით ჭიჭინაძე: 200-ლარიანი დახმარებების პიკზე, „ოცნების“ რეიტინგი 37-38%-ს არ აღემატება, „ევროპულ საქართველოს“ კი თბილისის რიგ უბნებში პულსი არ ესინჯება

547

200-ლარიანი დახმარებების დარიგების პიკზე „ქართული ოცნების“ რეიტინგი 37-38 %-ს არ აღემატება, მანამდე კი, მხოლოდ 22% იყო, – ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე სრულიად განსხვავებული კვლევების გამოქვეყნებას აანონსებს.

„ჩვენც ვატარებთ კვლევებს, სადაც სულ სხვა ციფრებია. 200-ლარიანი დახმარებების დარიგების პიკზე, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 37-38%-ს არ აღემატება, მანამდე კი, მხოლოდ 22% იყო. „ევროპულ საქართველოს“ კი, თბილისის რიგ უბნებში, პულსი საერთოდ არ ესინჯება.

„ქართული ოცნების“ ეს რეიტინგიც, კოვიდთან ბრძოლის კამპანიის ფონზეა, როდესაც ხალხს იმას უყვებიან, როგორ დაამარცხეს ვირუსი და პარალელურად 200-300 ლარს ურიცხავენ.

რეალურად კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქაც არღვევს კანონს, რადგან ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ და უსინდისოდ იბრალებენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ფულია.

არადა ეს დარიგებული ფული არის ვალი, რომელიც ქვეყანას დაედო და რომელიც ისევ ჩვენი გადასახდელია და არანაირი კავშირი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების“ ვითომ „გულუხვობასთან“

ეს დარიგებული ფული, არ არის გამომუშავებული, ეკონომიკის მიერ გენერირებული, რაც მხოლოდ ინფლაციას გამოიწვევს და მყიდველობითი უნარის უფრო დაკარგვას და ეს ისედაც შემოსავალდაკარგული ადამიანების და პენსიონერების ხარჯზე.

და უმთავრესი! თუ კოვიდის მართლა ასეთი აფეთქებაა, როგორც ამბობენ, როდის უნდა შეავსონ ის ფონდი, რომელიც სწორედ კოვიდთან საბრძოლველად შეიქმნა და რომელიც ასე გამოშიგნეს და გაანულეს?!“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე.