ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები) 21 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში დღეს შევიდა.
დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა.
როგორც სხდომის შემდეგ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
„საერთო ჯამში, ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. ასევე დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია