სერგო რატიანი: ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა – დირექტორები, რომელთაც 6-წლიანი ვადა გაუვიდათ, გაათავისუფლეს

484

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა.

როგორც სერგო რატიანმა განმარტა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა ის დირექტორები, რომელთაც დირექტორობის 6-წლიანი ვადა გაუვიდათ. მისი თქმით, ეს არის ზეწოლა მასწავლებლებზე და მეორდება ამბავი, რომელიც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შემთხვევაში მოხდა.

„გუშინ, განათლების სამინისტრომ დაწერა ბრაძანება, სადაც გაათავისუფლა ის დირექტორები, რომლებსაც დირექტორობის 6-წლიანი ვადა გაუვიდათ. მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოს პანდემიის გამო მათ ვერ მოახერხეს გამოცდების ჩაბარება და ამიტომ ყველა მათგანი გაათავისფლეს. წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა. გუშინვე სამინისტრომ დანიშნა მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეული კადრები. ეს ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ სამინისტრომ დასაჯა პოლიტიკურად მმართველი გუნდის „ურჩი“ პროფესიონალები. რაც მთავარია, ეს არის გაკეთებული იმისათვის, რომ ზეწოლა განახორციელონ დირექტორებზე. მეორდება ის საშინელი ამბავი, რომელიც მოხდა ია კერზაიაზე, როდესაც დირექტორზე განხორციელდა ზეწილა. ეს არის სამარცხვინო ამბავი, რომელზეც საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. დირექტორები უნდა იყვნენ თავისუფალი თავის არჩევანში და ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად ეშინია ამ ხელისუფლებას ამ არჩევნების, – განაცხადა სერგო რატიანმა.